05 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - რაზე გააკეთა პრემიერმა აქცენტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, თუმცა საკუთარი გამოსვლა დაიწყო იმით, თუ, მისი აზრით, რა არის საქართველოს 3 მთავარი საყრდენი - მამული, ენა და სარწმუნოება. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ სამ საყრდენს ცოტა ხნის წინ საფრთხე შეექმნა. პრემიერის მოსაზრებით, მთელი მსოფლიოს საერთო გამოწვევა არის ის, რომ ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნებისა და ერების იდენტობას.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიზანიც, როგორც მან აღნიშნა, არის არასრულწლოვანთა დაცვა და ოჯახური ღირებულებების გაძლიერება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოსთვის ეროვნული, რელიგიური და ტრადიციული ღირებულებები არის მნიშვნელოვანი და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ცვლილებები ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაში და არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლაში მთავარი აქცენტი იყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიც. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ევროკავშირის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე. ირაკლი კობახიძის შემდეგ კი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

დღის ამბები