05 მაისი 2024,   12:04
ვრცლად
უნიკალური წიგნების ქურდობის ფაქტზე დაკავებულ პირებს ოფიციალურად ბრალი წარედგინათ - "კურიერმა" მათი ვინაობა გაარკვია

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთთან, შვეიცარიასა და ლიეტუვასთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ევროკავშირის ქვეყნების ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ამოღებულია დიდი ოდენობით ფული და ასეულობით წიგნი. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს დაეუფლნენ. ისინი იყენებდნენ პირადობის ყალბ მოწმობებს, გამოგონილი სახელებითა და გვარებით, მიდიოდნენ ბიბლიოთეკებში და ძველ წიგნებს, ყალბი ნიმუშებით ცვლიდნენ.

დაკავებულ პირებს ოფიციალურად ბრალი უკვე წარედგინათ - ესენი არიან რობერტ ცატუროვი, ბესიკ ახალაშვილი, ანა გოგოლაძე და მათე ცირეკიძე. მათე ცირეკიძე ფიგურირებს სხვა ეპიზოდებშიც და სხვა საქმეებშიც, რომლის გამოძიებაც ჯერ არ არის დასრულებული.

როგორც "კურიერისთვის" ხდება ცნობილი, მათე ცირეკიძის მამა - ბექა ცირეკიძე დაკავებულია ესტონეთში, იგივე საქმის გამოძიების ფარგლებში, სადაც მას ბრალი აქვს წაყენებული სწორედ ძვირადღირებული წიგნების მოპარვასთან და ასლებით ჩანაცვლებასთან დააკავშირებით.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ესაუბრა იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ ამოიცნო სწორედ ბექა ცირეკიძე იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი ბიბლიოთეკიდან ძვირადღირებული მე-19 საუკუნეში დაბეჭდილი წიგნების, მათ შორის პუშკინის ერთ-ერთი წიგნის გაქრობასა და მოპარვას უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც, სქემა იგივე იყო.

"შეარჩია პუშკინის ზოგიერთი გამოცემა, ერთი 10 წიგნი, აქაც ვნახე ერთი-ორი გამოცემა, გადავიღებ და დაგიბრუნებთო. გადაიღეს, უკან მოვიტანე, ჩავაწყვე თავის ადგილას. წინა დღეს რომ მოვიდა, იმ წიგნების ყდა ფურცელი გადაუღია ძველი გამოცემების, იმის ფურცელი პუშკინის გამოცემებს დააკრა თავის სახლში ძველ, სხვა წიგნებზე და თავისი ორი წიგნი შემომაპარა, გარეგნულად მიმსგავსებული იყო. არც მიეჭვიანია, რომ სხვა გამოცემა იქნებოდა. რომ ვნახე, მივხვდი, რომ 2 წიგნი არ არის,“ – აცხადებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

დაკავებულის ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

"ვნახე სულ რაღაც 5-10 წუთით, ბრალის წარდგენა იყო და მერე წამოვედით საქმის მასალების მისაღებად. დუმილის უფლებას იყენებს. არ ვიცი საქმის მასალები ჯერჯერობით, 14 ტომია და უამრავი აუდიო-ვიდეო ჩანაწერია, ფოტომასალა, ამ ყველაფერს ნახვა უნდა,“ - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები