05 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
"როგორც "რუსულ კანონზე" არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება" - იაგო ხვიჩია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული და ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ კანონი გაიწვიონ და "უმძიმესი ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით თავიდან ავირიდოთ."

"რუსული კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ევროკავშირისთვის, პირდაპირ არის საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თუ ამ კანონის განხილვა გაგრძელდება, საერთოდ შეჩერდება ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი და უფრო მძიმე, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას და ბევრ იმ საკითხს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან მიმართებით.

ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს: ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ თქვენ ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიოთ უკან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ამავე თემაზე საუბრისას "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, როგორც "რუსულ კანონზე" არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება."

"ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყნის ინტერესები არავისთვის არ გადაეყოლებინათ. იქნებოდა ეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ისევე, როგორც "რუსულ კანონზე" არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება.

ამიტომ ვამბობდით ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პირველივე დღიდან, რომ საზღვარგარეთ გადაეგზავნათ სამკურნალოდ, იმისთვის, რომ პრობლემა არ შეუქმნას ამ ქვეყნის მომავალსა და პერსპექტივას," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, სოფო ჯაფარიძე კი "ხელისუფლებას მოუწოდებს ნუ რისკავს ქვეყნის ბედით და ნუ დააკარგვინებს ქვეყანას ის ფინანსური სიკეთეები, რასაც ევროპიდან იღებს."

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნუ რისკავს ქვეყნის ბედით, ნუ აყენებს დარტყმას საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს, ნუ ცდილობს დააკარგვინოს ქართველ ხალხს ის ფინანსური სიკეთეები, რასაც იღებს ევროპიდან და ნუ ცდილობს დააკარგვინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი "ქართულმა ოცნებამ," დაუყოვნებლივ უკან უნდა გაიწვიოს რუსული კანონი; გაათავისუფლოს ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი - მიხეილ სააკაშვილი," - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

დღის ამბები