05 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
ჩვენ ევროპული სასამართლოებიდანაც ვიცით, რომ ამ ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულს არავითარი სამართლებრივი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს.

"ეს რეზოლუცია არის შეურაცხმყოფელი თითოეული ქართველისთვის, ვისაც ღირსება გააჩნია, ვინაიდან ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, უმნიშვნელოვანესი ინიციატივების გაწვევასა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. ამავდროულად ინიციატორების პასუხისმგებლობას არ ათავისუფლებს ის, რომ ამ პირველ ვარიანტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული.

ჩვენ ევროპული სასამართლოებიდანაც ვიცით, რომ ამ ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ დღეს ევროპის სირცხვილი არის ის ევროპარლამენტი, რომელიც მსგავს არაევროპულ გადაწყვეტილებებს იღებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

დღის ამბები