05 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
9 აპრილის ტრაგედია - გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი სხვადასხვა რეგიონებშიც მიაგეს

დღეს თელავში ცხრა აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. მერიის წარმომადგენლები ცხრა აპრილის მემორიალზე მივიდნენ, სადაც პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. მათ 1989 წელს მომხდარი ტრაგედია შეაფასეს და დაღუპულთა მოსახსენიებლად სანთლები აანთეს.

„ვფიქრობ, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სისხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნეს საქართველოს ახალი ისტორია,“ - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორში 9 აპრილის სახელობის სკვერში. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გორის რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ღონისძიებაც გაიმართა.

„ეს ადამიანები გმირები არიან და უფლება არ გვაქვს მათი ხსოვნა დავივიწყოთ,“ - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ.

ტრაგიკული მოვლენები გაიხსენებს ქუთაისშიც. 9 აპრილის მემორიალთან გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

9 აპრილს იხსენებენ ოზურგეთშიც. გურიის რეგიონიდან 1989 წელს - თბილისში განვითარებული მოვლენებისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მათ საფლავებთან დღეს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. პარტიის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმაც და მმართველი გუნდის წევრებმაც.

დღის ამბები