10 მაისი 2024,   12:53
ვრცლად
მავნებლური ფორმატი, რომელმაც დააკნინა ჟენევის მოლაპარაკებები-სალომე სამადაშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დღეს კანონმდებლები პარლამენტში მსჯელობდნენ. განცხადებები პლენარულ სხდომაზე გაკეთდა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ საქართველოს პრობლემების საერთაშორისო ასპარეზიდან გაქრობა გამოიწვია.

„თქვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკა, ე.წ. დათბობის პოლიტიკა რუსეთთან და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის შედეგადაც საქართველო, მისი ოკუპაცია და მისი პრობლემები  გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის პირდაპირი მიზეზი იმის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში,“-აცხადებს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზეც გააკეთა განცხადება. დეპუტატი ამბობს, რომ ფორმატი გასაუქმებელია, რადგან ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.  

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი. ერთი რამ ნათელია, ეს ადამიანი არის სრულიად შეუფერებელი იმისთვის, რომ აწარმოოს  მოლაპარაკებები ამ ქვეყნის სახელით რუსეთთან, ეს ფორმატი არის მავნებლური ფორმატი, რომელმაც დააკნინა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელმაც სწორედ გახადა  შესაძლებელი ის, რომ რუსეთმა გეგმაზომიერად განახორციელოს ყველა პოლიტიკური ჩანაფიქრი რაც ამოძრავებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები