04 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ჯანდაცვის კომიტეტზე

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელი სხდომა. დაპირისპირება უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებას მოყვა, ვისი აზრითაც, დევნილების ავტომატური რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.

კობა ნარჩემაშვილის განმარტებით, ეს გამოიწვევს იმას, რომ დევნილთა რიცხვი მაქსიმალურად გაიზრდება და შესაძლოა ამ რიცხვმა, მისი თქმით, მიაღწიოს 5 მილიონს. ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა.

უმრავლესობის წევრის ამ განცხადებას მოყვა დევნილების უარყოფით რეაქცია. 

რამდენიმე წუთის წინ კი, ევროპული საქართველოს წევრებმა და მათთან ერთად, კომიტეტზე მყოფმა დევნილებმა, კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ასევე, ცოტა ხნის წინ, სხდომის თავმჯდომარემ მოითხოვა, რომ ჟურნალისტებს დაეტოვებინათ კომიტეტის ოთახი.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, კობა ნარჩემაშვილი დევნილების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. 

„კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი დევნილების მიმართ, პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის პრობლემაა დევნილების რაოდენობის ზრდა. ანუ, მათ არ უნდათ დევნილების რეგისტრაცია, იმიტომ რომ მერე ძალიან ბევრი გახდებიანო,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, რომ საარსებო შემწეობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს დაუტოვოს. 

„მთავრობა აპირებს, პარლამენტში შემოვიდეს ინიციატივით, რომელიც საარსებო შემწეობას დაუტოვებს მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს, ხოლო ყველა სხვა დევნილის შემწეობა მოეხსნება. ეს არის იმის სრულიად საპირისპირო, რასაც ვითხოვთ ევროპული საქართველო, რომ დევნილის შემწეობა 45-დან გაიზარდოს 60 ლარამდე და ამავდროულად, დევნილის შემწეობის დანიშვნა არ იწვევდეს საარსებო შემწეობას მოხსნას და პირიქით,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი

დღის ამბები