01 მაისი 2024,   14:14
ვრცლად
როგორც არ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზე, ქუთაისი რჩება საპარლამენტო ქალაქად - ირაკლი კობახიძე

როგორც არ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზე, მოგეხსენებათ ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ქუთაისი რჩება საპარლამენტო ქალაქად - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაიწყებისას განაცხადა. საორგანიზაციო კომისია პირველ სხდომას ამ წუთებში ქუთაისში მართავს.

კომისიას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტში ამოღებულია ის თავი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას იღებენ ევროპული საქართველოს წევრები. მათ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც მათ პრობლემურად მიაჩნიათ და რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთებენ აქცენტს.

მთავარი შეკითხვა უკავშირდება საარჩევნო სისტემას და გადაუნაწილებელ მანდატებს და პრეზიდენტის არჩევის წესს. ევროპული საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს და ასევე, გადაუნაწილებელი მანდატები სრულად არ უნდა მიჰქონდეს მმართველ პარტიას.

„ქართული ოცნება ქუთაისს უკარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს. ეს გადაწყევტილება მიიღეს და ამოიღეს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი კონსტიტუციის პროექტიდან, მეორე ის , რომ მათ შემოგვთავაზეს სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც მოახდენს პირველ ადგილზე გასული პარტიის ძალაუფლების უზურპაციას. ეს არის მოდელი, რომელიც არის მუსოლინის დროს შემუშავებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მმართველ გუნდში დაბალანსებულ საარჩევნო სისტემაზე აკეთებენ აქცენტს. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ბრალდებები თითქოს ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ერთმევა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის ჩვენი შეხედულება, ეს არის ყველაზე ოპტიმალური გზა, რომ პლურალიზმი და სტაბილურობის მომენტი თანაბრად იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ამის განხილვას ვაგრძელებთ, ვისმენთ ხალხის აზრს და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას,“ - აცხადებს ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე.

საყოველთაო განხილვას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაა.

შეფასებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთეს იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან.

დღის ამბები