04 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხს განიხილავენ - ოპოზიციისთვის ორგანოს გაუქმება მიუღებელია

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი ფუნქციის ჩამორთმევა მიუღებელია, რადგან პრეზიდენტს მშვიდობიანობის პერიოდში სათათბირო ორგანო უნდა ჰქონდეს, რომელშიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განხილვის საშუალება იქნება.

„ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, მათ შორის, განხილვების დროსაც და კომისიის ფარგლებშიც, რომ ეს ცვლილება არ ყოფილიყო, თუმცა, როგორც იცით, მმართველმა გუნდმა ეს ცვლილება შემოგვთავაზა,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში, მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასვლას არ გამორიცხავენ.

„ყველა გონიერი ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს საზოგადოების მოსმენა, სხვა პოლიტიკური პარტიების მოსმენა და საერთო, შეჯერებულ პოლიტიკურ თანხმობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში არანაირი როლი არ ექნება, რაც ოკუპაციის პირობებში შემაშფოთებელია.

„გვეყოლება მთავარსარდალი, რომელსაც ექნება მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია, ანუ ის მხოლოდ სხვის გადაწყვეტილებებს დაადასტურებს,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და ამგვარად, საზოგადოებას მხოლოდ გარეთ გასვლისა და რევოლუციის მოწყობის არჩევანს უტოვებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, აზრით, მმართველი გუნდის მიდგომა მას 1990-იან წლებს ახსენებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ქვეყანაში იქმნება რაღაც შეიარაღებული ძალები იმიტომ, რომ ჩანაწერში წერია, რომ იქნება შეიარაღებული ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ეს მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქართველის გონებაში აღძრავს აზრებს 1990-იანი წლების და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე, ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლოს.

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, სტუმრებს სიტყვით მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ არის საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები