05 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ოძისში ჩავიდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა. ალიანსის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ მავთულხლართებით გაყოფილი სოფლების ოძისისა და ახმაჯის მაცხოვრებელთა პრობლემები ადგილზე გააცნო. დელეგაციის წევრებთან ერთად გამყოფ ზოლთან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქ მოსვლა სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ ვითარება მართლაც დრამატულია. მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო კანონისთვის. როცა დავბრუნდებით ჩვენს ქვეყნებში, ყველას ავუხსნით, რა ხდება საქართველოში. მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, როგორ მართავს ვითარებას რუსეთის ფედერაცია. რუსეთის რამდენი ჯარისკაცია აქ და აფხაზეთში. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა დაძაბულობა არ მცირდება,“ - განაცხადა პაოლო ალიმ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ  ბექა ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უნდა დაანახოს საკუთარ პარტნიორებს, „თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანისადმი, ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა.“

„რუსეთი ყოველდღიურად აძლიერებს წნეხს ამის საპასუხოდ. ყოველდღიურად გრძელდება ადამიანებზე თავდასხმა. ადამიანებს ეკრძალებათ წვდომა წყალთან და ეკლესიასთან, ნათესავებთან, სასაფლაოსთან. ეს არის პრაქტიკულად პოლიგონი ადამიანის უფლებათა დარღვევის,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები