26 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპი არ იქნება აუცილებელი - არჩილ თალაკვაძე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას მმართველი გუნდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ხაზგასმა.

„ეს არის რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზის გასმა იმისა, რომ ნატო საქართველოს მხარს უჭერს, მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და ჩვენ გვაქვს ერთი საერთო გამოწვევა, რაც არის მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგიონში,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში სავარაუდოდ საქართველოს მაპის გარეშე გაწევრიანების საკითხი განიხილება.

„ასამბლეაზე არა ერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მზაობის გათვალისწინებით, შესაძლოა მაპი იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპი არ იქნება აუცილებელი,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრები ყურადღებას დეკლარაციის ორ ნაწილზე ამახვილებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ორი ბლოკი, პირველი ბლოკი არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ერთიანობის, მისი ევროატლანტიკური მომავლის და ნატოში გაწევრიანების და ასევე მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო იმისთვის, რომ ის გახდეს ნატოს წევრი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

საქართველოს მთავრობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

პარტიის ლიდერები ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეხება, ნატოს წევრი ქვეყნებიდანაც მოხდება.  

დღის ამბები