06 მაისი 2024,   16:51
ვრცლად
21 წლის გოგო სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

21 წლის გოგო სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ინციდენტში მონაწილე 21 წლის გოგონა ყვება, რომ მას საშაურმის გამყიდველთან შელაპარაკება მოუვიდა. მას შემდეგ კი რაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, პატრული და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებისა და სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ კი, ვარდების მოედანზე ის პოლიციელებმა სცემეს.

დაზარალებული ცემაში ძველი თბილისის პოლიციის უფროსს და კიდევ ორ თანამშრომელს ადანაშაულებს. 21 წლის გოგონას ადვოკატი ყვება, რომ სამართალდამცველები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც გოგონამ ერთ-ერთ მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელსახოცი ესროლა. ეს ფაქტი კი სასწრაფო დახმარების მანქანასთან, ექიმების თვალწინ მოხდა.

ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით და ტვინის შერყევით გამთენიისას კლინიკაში მოათავსეს. ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკვე სწავლობს სამოქალაქო სექტორი, რომელსაც პრეტენზიები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ამ შემთხვევაშიც საქმეს იგივე უწყება იძიებს, რომლის თანამშრომლებსაც 21 წლის გოგო ცემასა და ძალადობაში ადანაშაულებს. საკუთარი არგუმენტები და მომხდარის განსხვავებული ვერსია აქვს თავად მღებრიშვილის უწყებას.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. იმის დასადასტურებლად კი რომ გოგონას დაზიანებები პოლიციელების მხრიდან არ მიუღია, უწყებამ თვითმხილველის გადაღებული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა. გიორგი მღებრიშვილი უწყება დღეს მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა და დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები