06 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებულმა ბაჩო სირაძემ პროტესტის მიზნით საპატიმროში შიმშილობა დაიწყო

ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული ბაჩო სირაძის ადვოკატი დარწმუნებულია რომ პოლიციას 26 წლის ბიჭის დაკავება ტაქსის მძღოლთან შეთანხმებული ჰქონდა, რადგან მან ლადო ასათიანზე მიმავალი სირაძე ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით არსენას ქუჩაზე იმ ადგილთან მიიყვანა, სადაც მას სამართალდამცველები უკვე ელოდნენ.

ადვოკატის ინფორმაციით ბაჩო სირაძე პოლიციის მიერ ნარკოტიკის ჩადების კიდევ ერთი მსხვერპლია, თუმცა ოფიციალური საბუთებით ჩხრეკის შედეგად 8 გრამი ბუპრენორფიის შემცველი ფხვნილის ამოღების შესახებ თავად სირაძეს დაკავებიდან 2 დღეში გააგებინეს. ადვოკატი ამბობს, რომ ჩხრეკის ოქმის გარდა პოლიციას სხვა მტკიცებულებებიც გაყალბებული აქვს.

ოჯახი საკუთარ ეჭვს საქმეში პირადი ინტერესის არსებობაზე ოფიციალური დოკუმენტებით ამყარებს. ისინი ვარაუდობენ, რომ პოლიციამ სირაძის დაკავების ოპერაცია ნაჩქარევად დაგეგმა. დეტექტივების სამმართველოს უფროსის სახელზე პატაკი სირაძის აყვანამდე რამდენიმე წუთით ადრეა შედგენილი. ოჯახი ამბობს, რომ ბაჩო სირაძეს პოლიცია უთვალთვალებდა და მისი აყვანა იმ დროს გადაწყვიტა, როცა ის მარტო დარჩა. სირაძეები ამბობენ, რომ ბაჩოს დაკავება პოლიციას მაისის დასაწყისშიც უნდოდა. მაშინ სამართალდამცავები სახლში იარაღს ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სირაძის მიმართ პოლიციის ინტერესი პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან მისი დაპირისპირება იყო.

ბაჩო სირაძის საქმე მოძრაობა "თეთრი ხმაურისთვის" კიდევ ერთი საქმეა, სადაც ისინი კონკრეტული პოლიციელების პასუხისმგებლობას აყენებენ. მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვიოლის მტკიცებით, სირაძის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები სხვა საქმეებშიც ფიგურირებენ, მათ შორის "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებაში. მოძრაობის წევრი ამბობს რომ ნარკოტიკის ჩადებით ადამიანის დაკავება უკვე ტენდენციად იქცა.

ბაჩო სირაძის დასაცავად ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, რადგან უამრავი მიმართვის მიუხედავად, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არ პროკურატურას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. ოჯახის წევრების ცნობით პროტესტის გამო თავად ბაჩო სირაძემ სასჯელაღსრულებაში შიმშილობა დაიწყო.

 

დღის ამბები