26 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას ჰქვია მტკიცებულების განადგურება - აფგან მუხთარლის ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, ჟურნალისტის გატაცების საქმეში მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. ჩოფიკაშვილის განცხადებით, გადაცემა "P.S"-ის მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც ვითარება არის შეცვლილი, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულებების განადგურებას ჰქონდეს ადგილი.

აფგან მუხთარლის ინტერესების დამცველი მოითხოვს გამოძიებულ იქნას, ვის მიერ იქნა სათვალთვალო კამერების მონაცემების შეცვლა და ასევე, დადგინდეს იყვნენ თუ არა გატაცების საქმეში ქართველი სამართალდამცავები.

"ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას ჰქვია მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართალში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით შესაძლებელია, სხვა მტკიცებულებებიც უკვე განადგურებული იყოს. იყო თუ არა აქ მტკიცებულებების გაყალბება, ესეც გამოძიების საკითხია. ესეც უნდა იყოს გამოძიებული და გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვა პასუხი, ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი და მონაწილეობდნენ თუ არა ოფიციალური სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომლები ან სხვა ოფიციალური პირები და მეორე - ჰქონდა თუ არა მტკიცებულებების გაყალბებას ადგილი და ვის მიერ გაყალბდა ეს მტკიცებულებები,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

"პოსტსკრიპტუმმა" იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი მოიპოვა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა.

ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები