04 მაისი 2024,   20:57
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე "კურიერთან" საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დენიელ ფრიდმა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში იმუშავა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ სტრუქტურებში და სხვადასხვა დროს კურირებდა ევროპის და ევრაზიის საკითხებს, ადმინისტრაცია დატოვა და მისი დიპლომატიური კარიერის შესახებ „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

2008 წლის ომის დროს ფრიდი ევრაზიის საკითხებში კონდოლიზა რაისის მოადგილე იყო და საქართველოს რეგიონიც მის დაქვემდებარებაში შედიოდა. „კურიერთან“ ინტერვიუში დიპლომატმა აღიარა, რომ შეერთებულ შტატებში რუსული საფრთხე გვიან გააცნობიერეს.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსულ-ქართული ომის შემდეგაც კი სათანადოდ მივხვდით, თუ რამდენად სერიოზულად აპირებდა რუსეთი ძალის გამოყენებას, თავისუფალი სამყაროს ინსტიტუტებში მისი მეზობლების გაწევრიანების შესაჩერებლად. შეერთებულმა შტატებმა გაიგო, თუმცა უკრაინაში შეჭრა მოხდა იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად სერიოზული იყო რუსული საფრთხე. მე მოხარული ვარ, რომ საქართველო გადარჩა და საქართველოს დარჩენილი ნაწილი ისევ თავისუფალი ქვეყანაა,“ - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

დენიელ ფრიდი საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ამ პოლიტიკის სანაცვლოდ მოკავშირე ქვეყნების ინტერესები არ დაუთმია.

„შეიძლება მკითხოთ, თუ რატომ არ დაადო რუსეთს სანქციები შეერთებულმა შტატებმა რუსულ-ქართული ომის შემდეგ. რატომ ველოდებოდით უკრაინას სანქციების დასაწესებლად. პასუხი ის არის, რომ ბუშის ადმინისტრაციას დრო და პოლიტიკური გავლენა უმთავრდებოდა, მეორეც, ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო. ახლა, ჩემი აზრით, უფრო მეტად ერთიანები ვართ და საქართველო ისევ თავისუფალია,“ - აცხადებს დენიელ ფრიდი.

აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ნატო-ს გაფართოებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მალე არ მოხდება. მისი თქმით, საქართველომ, როგორც თავისუფალმა ქვეყანამ, უნდა გააძლიეროს დასავლეთთან ურთიერთობა, გაძლიერდეს ქვეყნის შიგნით და გაწევრიანებისთვის ხელსაყრელ დროს დაელოდოს.

დღის ამბები