04 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
გამოცემა "ეკონომისტის" სტატია - ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებისადმი და უმრავლესობის რჩევები "ეკონომისტს"

მმართველ გუნდი და ოპოზიცია ბრიტანულ გამოცემა „ეკონომისტში“ საქართველოსთან დაკავშირებული სტატიის შინაარს აფასებენ. ისინი თანხმდებიან, რომ გამოცემა გავლენიანია, თუმცა, მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ეს სტატია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე გავლენას ვერ მოახდენს.

გამოცემა „რუსთავი 2“-ის საქმესაც ეხება და წერს:

"ივანიშვილის მოკავშირეების მცდელობა ხელში ჩაეგდოთ ტელეკომპანია, მხოლოდ ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა."

„ეკონომისტის“ სტატიაში ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ბიძინა ივანიშვილს და მის ჰობისაც. მისი შეფასებით ზღვაში მოცურავე 100 წლოვანი ხის კადრი არის სიმბოლო იმისა, თუ რა როლს ასრულებს ივანიშვილი საქართველოში.

სტატიაში გამოხატულ მოსაზრებებს ოპოზიცია განსხვავებულად აფასებს და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის იმიჯზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე, მსგავსი სტატიები უარყოფითად აისახება.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნის იმიჯი შეილახა და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არაფერი მუშაობს.

„სტატიის წაკითხვის შემდეგ ერთი გრძნობა შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ ფეხბურთელებით და ფარცხალაძეებით დაკომპლექტებულმა ხელისუფლებამ დიდი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა მიიყვანა საქართველო იქ, სადაც ფიფას რეიტინგში ე.წ. ქართული ფეხბურთი იმყოფება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ სტატიაში ნათლად ჩანს, რომ ქვეყანა ივანიშვილის სურვილების მიხედვით იმართება.

„დასკვნები არის გამოტანილი, რომ ეს არის ოლიგარქის სათამაშო ქვეყანა, რომელიც დაკავებულია ხეების გადარგვა-გადმორგვით, რომელშიც ხდება დემოკრატიის უკან სვლა, რომელშიც პარტია „ქართულ ოცნება“ ერთპიროვნულად იღებს კონსტიტუციას, ხდება ინსტიტუციების მოშლა, ეს არის ძალიან მძიმე განაჩენი, რეალურად,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკ კი არ ეთანხმება ოპონენტების მოსაზრებას, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანდა და ასევე, პოლიტიკოსი გამოცემა „ეკონომისტს“ ურჩევს, რომ ყურადღება ივანიშვილის მიერ უნიკალური ჯიშების გადმორგვაზე გაამახვილოს.  

„ვურჩევდი ეკონომისტს გაცილებით მეტი ყურადღება გაამახვილოს იმ ხეებზე, რომელიც დაირგო, იმ ბაღებზე, რომელიც გადარჩა, იმ უნიკალურ ჯიშებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიტანა. ახლა იმის შედარება, მცურავი ხის საქართველოსთან, რაღაც ცოტა ისეთი სტატია მიმაჩნია, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილის არმოყვარე ხალხს უნდა გაუხარდეს,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

გამოცემა „ეკონომისტის“ სტატიის ირგვლივ შეფასებები უფრო ვრცლად იხილეთ 21:00 საათიან „კურიერში.“ 

დღის ამბები