04 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
საოკუპაციო კანონის დამრღვევი ჟურნალისტი მეორე დღეა თბილისში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდება

უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი კითხვები არ აქვს რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ. "ლაპარაკობს მოსკოვის" რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი და პუტინის მრჩეველი მიხეილ შვიდკოი თბილისში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებიან.

შსს-ში ამბობენ, რომ მამონტოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასულია. შს სამინისტრო განცხადებაში ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია მამონტოვის მიერ 2009 წელის შემდეგ ოკუპაციის კანონის დარღვევის შესახებ, თუმცა ვლადიმერ მამონტოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 2014 წელსაც იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის შესახებ Facebook გვერდზეც კი წერდა. რატომ არ გადაამოწმეს ფაქტები, ამ კითხვაზე შს მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს, პასუხი არ აქვს.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნაში კანონდამრღვევი ჟურნალისტი საზღვარზე უპრობლემოდ გამოატარა, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, ტელევიზიით გაიგო. არადა, აბაშიძე მამონტოვთან ერთად თბილისში ჩამოსულ ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, მიხეილ შვიდკოის, გუშინ პირადად შეხვდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპაციის კანონის იგნორირებაში ადანაშაულებს და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები