04 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - შს მინისტრის შუალედური ანგარიში 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, 343 მოწმე დაიკითხა. ამის შესახებ განცხადება მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

მღებრიშვილის თქმით, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეო ჩანაწერი 10 ობიექტიდან, მათ შორის იმ ობიექტებიდან, რომელიც კოლემეურნეობის მოედანზე მდებარეობს. დაკითხულია #4 სამარშუტო ტაქსის ყველა მძღოლი და ყველა მათგანი ამბობს, რომ 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

შს მინისტრის თქმით, საეჭვო ფაქტებზე არ საუბრობენ არც სხვა მოწმეები, მათ შორის გარემოვაჭრეები, ტაქსის მძღოლები და ა.შ.

ასევე ამოღებულია აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერებიდან ჩანაწერები და არსებულ მონაკვეთში არცერთ ჩანაწერში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება.  

გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ არ დაუნახავთ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი.  

მღებრიშვილის თქმით, გამოიკითხა ლაგოდეხის შს სამინისტროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონების სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

შს მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

მუხთარლის საქმის გამო სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. 

დღის ამბები