18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მუხთარლის საქმის გამო სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობები დატოვეს

სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დროებით თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სუს-ის ხელმძღვანელ პირებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან საზღვრის ეფექტურ კონტროლთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, ზემოაღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ერთის მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე, მეორეს მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მათი თანამდებობების დატოვება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს უკავშირდება. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ისინი თანამდებობებს საქმეზე გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.

დღესვე, უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარადგინა. 

დღის ამბები