04 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
პრეზიდენტმა თვითმმართველობის კოდექსს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა თვითმმართველობის კოდექსს ვეტო დაადო. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას მთელს ქვეყანაში, არადა თვითმმართველობა არის ის რეალური ერთადერთი ეფექტური, დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს და ეს პროცესი უნდა გაღრმავებულიყო,“-აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას წინ უძღვოდა პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც სამოქალაქო სექტორმა მარგველაშვილს აღნიშნულ კოდექსზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.

არასამთავრობოები აღნიშნავდნენ, რომ ცვლილებები, რომელიც 12 თვითმმართველი ქალაქის ხუთამდე შემცირებას ითვალისწინებს, მიუღებელია და შეამცირებს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში.

თვითმმართველობის კოდექსს არასამთავრობოებმა „დეცენტრალიზაციის საპირისპიროდ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდეს.

გიორგი მარგველაშვილისგან ვეტოს გამოყენებას მოითხოვდა ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, რომელსაც პრეზიდენტმა უკვე ვეტო დაადო, თვითმმართველის სტატუსი უნდა ჩამოერთვას 7 ქალაქს, ესენია: თელავი, მცხეთა, ამბროლაური, ახალციხე, ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთი ვეტოს შესახებ გააკეთა განცხადება, ეს არის საარჩევნო კანონი და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხები, კერძოდ, ცესკო-ში მმართველი პარტიისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭება და

 

თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არასახვა ცესკო-ს შემადგენლობაში. მარგველაშვილის თქმით, ეს აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას, ასევე ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს.

 

„ორივე კანონის სულისკვეთება ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში,“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ამ კანონების მიღების დაჩქარებას და ეს პროცესი გააკრიტიკა. მისივე თქმით ეს კანონები არ უნდა მიღებულიყო საარჩევნო წლის განმავლობაში.

 

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორივე კანონს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს და იმედი გამოთქვა რომ საკანონმდებლო ორგანო მათ გაითვალისწინებს. 

 

დღის ამბები