02 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
უმრავლესობის მიზანია, შეურაცხყოფა მიაყენონ პრეზიდენტს - ოპოზიცია ვეტოს დაძლევის მოლოდინშია

თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები - ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის მოლოდინშია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არც კი განიხილავს და ვეტოს ნებისმიერ ფასად დაძლევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, მმართველი გუნდის დამოკიდებულება არ არის საქმიანი და მათი ქმედებები თუ გადაწყვეტილებები მხოლოდ პრეზიდენტის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად.

„მე არ მგონია, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტმა გადმოაგზავნა პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ მათი დამოკიდებულება პრეზიდენტის ვეტოსთან მიმართებაში არ არის საქმიანი და ეს ყოველთვის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტი ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენოს პრეზიდენტს და მისი ვეტო ნებისმიერ ფასად დაძლიოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თვითმმართველობის კოდექსის მანკიერ მხარეებზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. პარტიის ლიდერები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებულ დაპირისპირებას კი, კინკლაობას უწოდებენ.

„რამდენიმე ქალაქს „ქართული ოცნება“ ართმევს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს და მაშასადამე, არ ენდობა ხალხს, რომ ხალხმა თავად აირჩიოს ამ მოცემული ქალაქების მერები, რაც ისევ და ისევ უნდობლობის გამოხატულებაა ხალხის მიმართ. ზოგადად კინკლაობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის და ხალხი ამ ყველაფრით დაიღალა,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ორი კანონის მოქმედება შეაჩერა. კერძოდ, ვეტო დაედო ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომელიც 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს და საარჩევნო კოდექსს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს განსაზღვრავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები