04 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
საქართველოს საგარეო პოლიტიკას რუსეთის მიმართ აქვს სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან - ქეთევან ციხელაშვილი

ამერიკის მხრიდან რუსეთის მისამართით დაწესებულ სანქციებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები აფასებენ. მათი თქმით, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის გაგრძელება რუსეთის მისამართით. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა ასევე არსებულ სიტუაციაში საქართველოს პოზიციებზე და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს.

“სანქციები იყო საერთაშორისო თანამეგობრობის გამოძახილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ. რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და სწორედ ამ შეთანხმებებით ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მომავალშიც,“ - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, სტრატეგიულ პარტნიორებთან არის შეთანხმებული.

“საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და მიდგომა თუ რა პოლიტიკა უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ეს პოლიტიკა, ხედვა და ნაბიჯები არის სრულ შესაბამისობაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ წლების განმავლობაში მოვიპოვეთ ის ნდობა, რამაც უზრუნველყო ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში და ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან,“ - აღნიშნა ჯანელიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკას იგივე რუსეთის მიმართ აქვს აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს არის მათი დეკლარირებული პოზიცია,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები