06 მაისი 2024,   07:39
ვრცლად
დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად ფასდება, მათ შორის კიბერთავდასხმები შეერთებულ შტატებზე, უკრაინის კრიზისი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

მასში აღნიშნულია, რომ მოსკოვი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას და უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების დესტაბლიზაციას.

კანონი ავალდებულებს პრეზიდენტს, მოუწოდოს რუსეთს გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. დაუბრუნოს საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნებს და შეწყვიტოს არჩეული ხელისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები.

კანონი 2018-2019 წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ევროპასა და ევრაზიაში იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც დაუცველები არიან რუსული გავლენის წინაშე და კრემლის აგრესიული ქმედებებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალდნენ.

კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტს სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლებასაც უზღუდავს.

დღის ამბები