03 მაისი 2024,   20:47
ვრცლად
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა - ლევან იზორია

8 აგვისტოს აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს მთავრობის წევრები აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება და იმის მცდელობაა, რომ დააკანონოს წართმეული ოკუპირებული ტერიტორიები. მინისტრების თქმით, რუსეთის ამ ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა უნდა დაუპირისპიროთ.

“ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის შელახვად და ასევე ძალისმიერი მეთოდებით დაკანონების მცდელობად. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და მშვიდობაზე ორიენტირებულ, ყველა ნაბიჯის გადადგმას, რათა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, შერიგება, ნდობის აღდგენა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა.

“ჩვენ გვაქვს შეთანხმებული პოლიტიკა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს პოლიტიკა პირველ რიგში ჩვენი ერის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება, რომელიც მდგომარეობს, პირველ რიგში ხაზგასმით ვამბობ, მშვიდობის შენარჩუნებასთან და სტაბილურ განვითარებასთან. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა გახლავთ მშვიდობის შენარჩუნება,“ - აღნიშნა იზორიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ქვეყანა არ უნდა ავყვეს პროვოკაციას და უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად გონივრულად და გეგმაზომიერად.

 

დღის ამბები