04 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ექსპერტები მთავრობას ოფიციალური მოსკოვის მიმართ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ

ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ახალი სანქციებს გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ექსპერტები მთავრობას ოფიციალური მოსკოვის მიმართ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. "სტრატეგიული ანალიზის ცენტრში" დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ღიად მხარი დაუჭიროს ტრამპის ადმინისტრაციას, ან რუსეთთან დათმობის პოლიტიკა განაგრძოს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები კი ამ ვითარებაშიც ზოგად განცხადებებს აკეთებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს ქმედებები პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებულია.

რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ვანო მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ კრემლი სანქციების საპასუხოდ მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და საქართველოსთან მიმართებაში ანექსიურ პოლიტიკას გააგრძელებს. მაჭავარიანი ასეთ ვითარებაში აუცილებლად მიიჩნევს მთავრობა დათანხმდეს პრეზიდენტის ინიციატივას და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში ცალკე პუნქტი ეთმობა საქართველოში რუსეთის მხრიდან განგრძობად ოკუპაციას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოფიციალური მოსკოვი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები