04 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
კობახიძის განცხადება, უსინდისობასთან ერთად, არის არაკომპეტენტურობა - ხათუნა სამნიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციების გამართვის შეთავაზების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა იცის მათი მოთხოვნების შესახებ და ისინი დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, აცხადებს, რომ ქართული ოცნება ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას გეგმავს.

„პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასეთი განცხადება, უსინდისობასთან ერთად, არის არაკომპეტენტურობა, გადახედოს ოპოზიციის მოთხოვნებს. ოპოზიციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ პრინციპული საკითხია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ არჩევნებზე მანდატების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს სხვა კომპონენტებსაც და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის საკითხსაც,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

საქართველოს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, იმ პირობებზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შედგება.

„ქართულ ოცნებას თუ რეალურად სურს კონსენსუსით მიღება ამ კონსტიტუციური ცვლილებების, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღადგინოს ის მოცემულობა, რომ ქვეყანა 2020 წელს გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე,“ - აცხადებს შალვა შავგულიძე.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს.

„ოპოზიცია არასოდეს არ დათმობს იმას, რასაც ჰქვია ერთი პარტიის თავზე კონსტიტუციის მორგება, სხვა ყველაფერზე არის შესაძლებელი საუბარი. ჩვენ საუბრისთვის ღია ვართ, მაგრამ ყველაზე მთავარი და პრინციპული საკითხები ინდა იქნეს შეცვლილი და გათვალისწინებული სწორედ ისე, როგორიც იყო დაპირებები,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა. 

დღის ამბები