04 მაისი 2024,   05:50
ვრცლად
პირველი პრეზიდენტის ოჯახი მთავარ პროკურორს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, კურიერს უყვება, რომ მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები გამსახურდიას ოჯახს ემუქრებოდნენ და ითხოვდნენ, რომ 2015 წელს დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია უწყებიდან აღარ გამოეთხოვათ.

ზეწოლა და შანტაჟი არ არის ერთადერთი, რასაც ცოტნე გამსახურდია მთავარ პროკურორს ედავება.

პირველი პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ზვიად გამსახურდიას საქმის ძიებას განგებ აჭიანურებს, რითაც მოქმედი მთავრობის ინტერესებს ემსახურება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ოჯახმა მთავარ პროკურატურას დაზარალებულად ცნობა უკვე მესამედ მოსთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ცოტნე გამსახურდია კურიერს უყვება, რომ გამოძიებას შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი აფერხებდეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი, ქვეყნის მთავარ პროკურორს უახლოეს მომავალში უჩივლებს და მისივე უწყებას მთავარი სახელმწიფო მბრალდებელის მხრიდან ზვიად გამსახურდიას შვილზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტების გამოძიებას მოსთხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილის მიზეზებზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები