05 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
დიალოგის წარმოება უნდა იყოს საქმეზე ორიენტირებული - მდინარაძე ოპოზიციასთან გასამართ კონსულტაციაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დღევანდელ დიალოგზე საუბრობს. მდინარაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციის დროს ოპოზიციამ დიალოგის წარმართვას ხელი შეუწყოს.

„სჯობს, თავი შევიკავოთ კონკრეტული დეტალების კომენტირებისგან, რადგან ეს დიალოგის წარმოებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. ერთი რამ ცხადია, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი ნამდვილად შედგეს, რომ კონსენსუსი გაფართოვდეს და იმედია, რომ ოპოზიციური პარტიებიც გამონახავენ რესურსს, რომ კონსენსუსის გაფართოებას მათაც შეუწყონ ხელი და დიალოგის წარმოება იყოს რეალური და საქმეზე ორიენტირებული,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციასთან კონსულტაცია რამდენიმე საათში დაიწყება და საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მმართველ გუნდთან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ გეგმავენ. 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წევრები არ აპირებენ, რომ ოპოზიციის შეთავაზებებს დათანხმდნენ. 

 

დღის ამბები