03 მაისი 2024,   18:03
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრინციპულ საკითხებზე მმართველ გუნდთან დათმობას არ აპირებენ

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის დიალოგი მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა საპარლამენტო სისტემის ცვლილება და პრეზიდენტის არჩევის წესი, მმართველ გუნდთან დათმობაზე არ წავლენ.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გაიარეს და კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რასაც საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, აცხადებს, რომ პლებისციტის ჩატარებასა და 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მმართველ გუნდთან დათმობაზე არ წავლენ.

„ჩვენ დავამატეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ვკითხოთ ხალხს, ანუ ჩატარდეს პლებისციტი,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, აღნიშნავს, რომ მათი ძირითადი მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მანდატების გადანაწილებას შეეხება. ასევე, აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდთან გარკვეულ კომპრომისზეც წავლენ.

„მეორე საკითხი, ეს არის პრეზიდენტის არჩევანი, აქ ჩვენ გარკვეულწილად, კომპრომისს ვთავაზობთ, რომ მოდით, ხალხს დავეკითხოთ და ხალხმა თავად გადაწყვიტოს,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრი, ირმა ინაშვილი, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემაზე მესამე მოსმენის დროს სარედაქციო ცვლილების განხორციელებას სთავაზობს.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არა 2024 წლიდან არამედ დაუყოვნებლივ,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი. 

დღის ამბები