04 მაისი 2024,   12:59
ვრცლად
სამ საათზე მეტია სოფელ დაბასთან ხანძარს ებრძვიან - ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს

სამ საათზე მეტია სოფელ დაბასთან ტყის მასივი იწვის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის უკვე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენი.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან სახანძრო ბრიგადებიც, თუმცა შემთხვევის ადგილთან მიახლოებას ისინი ვერ ახერხებენ. თბილისიდან და მიმდებარე ქალაქებიდან დამატებითი სახანძრო ბრიგადები ჩავიდნენ, თუმცა, ქარის გამო არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე აცხადებს, რომ ქარის მიუხედავად ცეცხლი დასახლებული პუნქტებისკენ არ გავრცელდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა კი განმარტავს, რომ ხანძარი მთის ზედა მხარეს გავრცელდა.

„უკვე ჰექტრამდე არის დამწვარი ტერიტორია და მიუდგომელი ადგილია. სახანძრო მანქანებს არ აქვთ საშუალება, რომ წყალი მიასხან და გამოვიძახეთ ვერტმფრენი,“ - აცხადებს თორნიკე გვაზავა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურების ტექნიკა ცეცხლთან მიახლოებას ვერ ახერხებს და ეს ართულებს ლოკალიზების სამუშაოებს.

„მოსახლეობა დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზეა მოშორებული ეპიცენტრიდან, მუშაობენ სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფის თანამშრომლები, მოხალისეები, ვერტმფრენიც ჩაერთო რამდენიმე წუთია უკვე საქმეში. იმედია, რომ ლოკალიზება მოხდება ხანძრის,“ – აცხადებს დიმიტრი ყიფიანი.

დაბა წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ზაირა ფავლენიანის თქმით, ისევ ის ტერიტორია იწვის, რომელიც 2008 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად გადაიწვა.

მოსახლეობის განცხადებით, გამხმარ ხეებს წაეკიდა ცეცხლი. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში. 

დღის ამბები