03 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
ოპოზიციის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე უცვლელია და პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალაპარაკებლად ხელისუფლებას მიმართავს.

პოლიტიკური პარტიები დღეს სტრასბურგში გასაგზავნ წერილის მოსამზადებლად შეიკრიბნენ, თუმცა, შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, რომ ვიდრე სტრასბურს გააცნობენ საკუთარ მოთხოვნებს, მანამდე სურთ, კიდევ ერთხელ გაარკვიონ, რა გეგმები აქვს მმართველ გუნდს და აპირებს თუ არა უმრავლესობა სტრასბურგში წასვლას.

ოპოზიციის პოზიცია კი უცვლელია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევა.

„ამ ორ თემაზე არ იქნება არანაირი ვაჭრობა, ამაზე თუ მზად არის ხელისუფლება სალაპარაკოდ, მზად ვართ, ჩვენ დავეხმაროთ მას, რომ ქვეყანას ჰქონდეს კარგი კონსტიტუცია,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, აცხადებს, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არის, თუ მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წავა.

„თუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ მას სურს მსჯელობა მხოლოდ მის მიერ მოფიქრებულ საარჩევნო სისტემაზე, ანუ მაჟორიტარულ-პროპორციულზე, მაშინ ამაზე, რადგან თვითონ მოიფიქრა, თვითონ განიხილა 2 მოსმენით და არავისთვის აზრი არ უკითხვას, მიიყვანოს ერთპიროვნულად ბოლომდე ეს საქმე, ჩვენ იქ ხელს არ შევუწყობთ რაღაც კონსენსუსის იმიტაციის შექმნაში,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკების პროცესი ჩაშალოს, ხოლო ოპოზიციის პოზიცია უკვე დიდი ხანია, ცნობილია.

„უნდა, რომ მაქსიმალურად ჩაშალოს ეს ყველაფერი და დესტრუქციულ პოზიციას აწვება. ეს არის 2 სხვადასხვა პოზიცია, რაც არსებობს. ოპოზიციონერებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა. მისი აზრით, მმართველს გუნდს ყველაფერი ნეგატიურ ნოტაზე გადაჰყავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები