11 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
პროფესიული კავშირების გაერთიანება ახალ თავმჯდომარეს ირჩევს - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული 

ამ წუთებში პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობა იწყება. 219-მა დელეგატმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

გამარჯვებული დღესვე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველთა მობილიზება სავარაუდოდ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და კანდიდატებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პროცესებში ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობს. პეტრიაშვილის თქმით მმართველ გუნდს სურს, პროფკავშირებს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ისინი გააკონტროლებენ.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი წარმომადგენლები ბიზნესში, პარლამენტში და ა.შ. ებრძვიან ამ დამოუკიდებელ ინსტიტუტს იმიტომ, რომ მათ ე.წ. პროფკავშირს, რომელიც ჯიბეში ჰყავთ ჩასმული, თავისთან რკინიგზაში, გაუგეს გემო და რატომაც არა ნაციონალურ დონეზეც ესე მოხდეს,“-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი ამირან ზენაიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ დღეზე და დელეგატთა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა პროფკავშირები დამოუკიდებლობას.

„პროფკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩვენ წინასაარჩევნოდ დავინახეთ, რომ ერთმანეთის მიმართ ოპონენტებს ჰქონდათ პრეტენზიები. მაქსიმალურად ვცდილობდი რომ მე შემეკავებინა თავი, რადგან მივიჩნევდი, რომ ეს ისევ პროფკავშირების იმიჯზე იმოქმედებდა ცუდად. ის თუ ვინ ვისი კანდიდატია, მე ვფიქრობ ახლა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიცი რომ მე ვარ კანდიდატი პროფკავშირების, მე ვარ კანდიდატი იმ დელეგატების, ვინც დღეს უნდა აგვირჩიოს,“-აცხადებს ამირან ზენაიშვილი.

დღის ამბები