02 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება - გიორგი აბაშიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრას აფასებს

„შეხვედრამ ჩაირა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში ახალი კონსტიტუციის შესახებ წინადადებების განსახილველად შეიკრიბნენ.

„შეხვედრამ ჩაირა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში. ცხადია, არსებობდა განსხვავებული პოზიციები, ვინაიდან წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პარტიების საკმაოდ ფართო სპექტრი, მეორეს მხრივ, პრეზიდენტის გუნდი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება, ჩამოყალიბდა პრაქტიკულად ერთიანი პოზიცია, რომელიც არის როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე პრეზიდენტის გუნდის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხედულების,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან განხილული წინადადებები დოკუმენტაციის სახეს მიიღებს და შემდეგ წარედგინება უმრავლესობას.

„ალბათ, მომდევნო კვირის დასაწყისში ეს ყველაფერი საბოლოოდ დოკუმენტური სახით იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ვენეციის კომისიისთვის და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას და ამავდროულად ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღეს, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა იქნას გამოყენებული ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები