26 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა გადაიბარა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც დღეისთვის 75 ქვეყანას აერთიანებს, მიზნად საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობის და ხელისუფლების მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო მეტი გამჭირვალობა, რადგან სწორედ ასე ყალიბდება საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ხდება ყველა მოქალაქეს შორის თანასწორობის განმტკიცება.
ვისაუბრეთ ასევე ანგარიშვალდებულებაზეც, რადგან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლოა პოლიტიკოსის საქმიანობაზე ანგარიშის მიღება. ყველაფერი ციფრულ მოწყობილობებზე ჩაიწერება და ეს საზოგადოებისთვის ღია ინფორმაცია იქნება. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში ციფრული ტექნოლოგიები დემოკრატიისთვის განმტკიცებისთვის ახალ საშუალებას ქმნის,”-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის დიდი პატივია.

„მსურს გამოვხატო მხარდაჭერა მექსიკელი ერის მიმართ, რომელსაც ახალ მიწისძვრის შედეგებთან უხდება გამკლავება.
ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, განვაგრძოთ ის საქმიანობა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ წამოიწყო. ჩვენი მიზანია, მივუძღვნათ ჩვენი თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას, ანუ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო გაერთიანებას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დღის ამბები