11 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
"პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის დაკვეთით" - ოპოზიცია ფონდი "იავნანის" ფინანსური საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებას აფასებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მხრიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების შესაძლო გაფლანგვა-მითვისების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან.

ისინი ხელისუფლების მხრიდან ბურჭულაძის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელი ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ  ადამიანები, რომლებმაც პროკურატურას საჩივრით მიმართეს, საეჭვო რეპუტაცია აქვთ. მისივე განცხადებით, ასევე საეჭვოა განცხადებაზე  პროკურატურის სწრაფი რეაგირებაც.

„სამწუხაროდ პროკურატურა, რომელიც უდნა შეისწავლიდეს საქართველოში არსებული რეალური დანაშაულების შინაარსებს, დაკავებულია ასეთ ბინძური  ცილისმწამებლური შეკვეთების შედეგად გამოძიების დაწყებით. რა საკვირველია ეს არის პიროვნული და პოლიტიკური შურისძიება პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის დაკვეთით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

იგივე მოსაზრებას იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას ემსახურება. 

„ჯერ რაღაც ფილმის გადაღება, შემდეგ ანტიპიარის შექმნა, შემდეგ 20/30-ის სატელიტი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის პროკურატურაში საბუთების შეტანა და შემდეგ მომენტალური რეაგირება პროკურატურის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომლის ერთადერთი მიზანი არის პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ბურჭულაძის მიმართ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას არ გამორიცხავენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„როდესაც გამოძიება იწყება იმ ფიგურასთან მიმართებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ოცნების ოპონენტი იყო და პირადად ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებოდა, ცხადია საფუძვლიანი ვარაუდი ჩნდება, ჩვენი პროკურატურის პირობებში, რომელიც შემჩნეულია ზოგადად პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებაში, რომ აქაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას,“-ამბობს ოთარ კახიძე.

დღის ამბები