04 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
"გვინდა, პრეზიდენტის ვეტო იქნას თანხმობის საგანი, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს კაპიტულაციად" - კაციტაძე

საკონსტიტუციო ცვლილებები იყო ერთ-ერთი თემა, რომელზე ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიების ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ პირველ შეხვედრაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, პრეზიდენტის მხრიდან ვეტო არ უნდა ითვალისწინებდეს რაიმე სახის დათმობას და ის ძირითადი  საკითხები, რომელზეც მოლაპარაკებულია და შეთანხმებულია ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უნდა დარჩეს ძალაში.

საუბარია  2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე.  

„გვინდა, რომ პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები იყოს არა როგორც კომფრონტაციის საგანი შექმნილ პოლიტიკურ  მოცემულობაში, არამედ პირიქით თანხმობის საგანი. ოღონდ თანხმობა არ უნდა ჩათვალოს არავინ კაპიტულაციად,“ - აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

დღევანდელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. საუბრის კიდევ ერთი თემა მოახლოებული არჩევნები იყო. ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე კოორდინირებულად იმუშაონ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაყალბება ხელისუფლების მხრიდან.

ლიდერთა საბჭო ორი კვირის წინ შეიქმნა და მისი წევრები „ახალი მემარჯვენეები“, ”საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, "ლეიბორისტული პარტია“, "შენების მოძრაობა" და "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის“ არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები