05 მაისი 2024,   07:43
ვრცლად
კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნები მადრიდის ციხეში გადაიყვანეს

კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მადრიდის ციხეში გადაიყვანეს. ბარსელონაში კი, რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ყოფილი ლიდერების გათავისუფლება მოითხოვეს. დემონსტრანტები ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებდნენ.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაკითხვაზე დაბარებული 14 კატალონიელი მაღალჩინოსნიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. მათ ჩამოართვეს პასპორტები და მადრიდის ციხეში გადაიყვანეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ რეგიონის ლიდერებს ქვეყანა დაეტოვებინათ.

ესპანეთის პროკურატურა კატალონიის მთავრობის კიდევ რამდენიმე ყოფილ წევრზე ევროპის მასშტაბით დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვს. მათ შორისაა კარლეს პუჩდემონიც, რომელიც თანაგუნდელთა დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ის ბრიუსელიდან გამოეხმაურა და დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა.

ოფიციალური განცხადება ბელგიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია. ქვეყნის პროკურორი პუჩდემონის ექსტრადირების მოთხოვნას ელოდება. კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, ესპანეთის და ბელგიის სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს.

დღის ამბები