28 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
სააკაშვილის თქმით, მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოროშენკო მას საქართველოსთვის გადაცემით დაემუქრა

უკრაინაში, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად რადას წინ სულ უფრო მეტი ადგილობრივი იკრიბება და აქციებს მართავს. კიდევ უფრო მეტი ადამიანის შეკრების საფუძველი ისიც გახდა, რომ ორი დღის წინ აქციების ორგანიზატორის, მიხეილ სააკაშვილის 11 წლის შვილი 3 საათით ჩაკეტეს კიევის აეროპორტის მესაზღვრეთა ოთახში, მისი გამცილებელი დაცვის ოფიცერი კი ქვეყნიდან გააძევეს.

კარვის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ულტიმატუმი კორუფციისგან გათავისუფლებაა. უკრაინაში არსებულ კორუფციაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით საუბრობენ. ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც კიევს საგანგებო ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას სთხოვს. 

ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის კანონპროექტი უკვე რადაში იყო გაგზავნილი, როდესაც პრეზიდენტის აპარატმა უკანვე გაიწვია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შუამავალმა პირმა მას პეტრო პოროშენკოს დანაბარები გადასცა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა თავდაცვით სფეროში არსებული კორუფციის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.

„ორი დღის წინ აქ მოვიდა შუამავალი, რომელმაც პოროშენკოს დანაბარევი გადმომცა. მე უნდა ვაკრიტიკო მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც პრეზიდენტი მიმითითებს და არსად ვახსენო თავდაცვით სფეროში არსებული კორუფცია, რაც მას, თურმე, ძალიან აღიზიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოროშენკო საქართველოში დეპორტაციასა და პუტინის ბრძანებით ციხეში ჩასმას მპირდება,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედიაგამოძიებამ უკრაინის პრეზიდენტს გადასახადების დამალვის მცდელობა დააბრალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოროშენკო „როშენის“ ნაწილის ოფშორში გადატანას აპირებდა, თუმცა შუამავალმა ფირმამ მომსახურებაზე უარი უთხრა.

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მოქალაქეების მიერ კორუფციის აღქმით უკრაინა წინ უსწრებს რუსეთს, თურქეთს, კენიასა და ნიგერიას.

ავტორი: ნონა მიქიაშვილი.

დღის ამბები