26 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტს სამი დღე რჩება. საუბარია კანონთან დაკავშირებით ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა.

ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.  

პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია.

„ეს არის კანონი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შეავიწროვოს კერძო, დამოუკიდებელი მაუწყებლები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა „რუსთავი2“. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას, რომ ვეტო დაადოს ამ კანონს და ამით რეალურად დაიცავს ის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი თინათინ ბოკუჩავა.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ცვლილებები კერძო მაუწყებლებს დააზარალებს, რაც საბოლოოდ ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით ისედაც ამ მწირ ბაზარზე დამატებითი მოთამაშე კერძო მაუწყებლებს ნამდვილად არ სჭირდებათ და დგებიან არათანაბარ პირობებში, ვინაიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტირებულად აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება და არც თუ ისე მცირე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი ტუღუშმა.

კანონში შეტანილი ცვლილებების სისწორეში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდი საჭიროების შემთხვევაში, ვეტოს დასაძლევად მზად არის.

„ცოტა საკვირველი არის ვეტოს გამოყენების ასეთი სიხშირე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს მე პირადად, რომ ის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერდით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და მის განვითარება-გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას და დავძლევთ ამ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული,“ - ამბობს სოფიო კილაძე.

დღის ამბები