26 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ჯერ შეცდომა და მერე თავის მართლება უკვე წესად ექცა „ქართულ ოცნებას“ - ოპოზიცია ცოფის ვაქცინაზე საუბრობს

ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაკოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები პრობლემას საჯარო განცხადებების გაკეთებამდე განიხილავდნენ.

„მე ვისურვებდი, რომ ბატონი სერგეენკო ბრიფინგით კი არ გამოდიოდეს საზოგადოებისა და მოქალაქეების წინაშე, არამედ იღებდეს რამდენიმე დღის ადრე ტელეფონს, ურეკავდეს თავისი კოლეგა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას და ხელმძღვანელს და პირიქით, ხელმძღვანელი ურეკავდეს ბატონ სერგეენკოს და არკვევდნენ, რა ხდება, რა მინუსებია და მერე აკეთებდნენ ბრიფინგებს. „ჯერ შეცდომა და მერე თავის მართლება უკვე წესად ექცა „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკოლოს ვაჩეიშვილმა.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოში“ აცხადებენ, რომ აშკარაა საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, რაც სახელმწიფოს ორ უწყებას შორის არასათანადო კოორდინაციამ და კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია.

აუდიტის სამსახურის ამ განცხადებამდე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომ მიიღო უწყებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოხმარებიდან ამოღებული პრეპარატი.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ აღნიშნული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

მინისტრის თქმით, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც დაუდასტურეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნილია.

აუდიტის სამსახურმა ერთდღიანი ხმაურის და სპეციალისტების განმარტებების შემდეგ დაადასტურა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.

ამავე თემაზე
დღის ამბები