26 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
ჭერის ჩამონგრევის გამომწვევი მიზეზები მეტროსადგურ "ვარკეთილში" - პროექტის ავტორები და შემსრულებლები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ უბედური შემთხევის მიზეზი რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომები გახდა - ამ განცხადებას პროექტის ავტორი, გოგა კვარაცხელია „კურიერთან“ აკეთებს. ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად აზბესტის ფილები გამოჩნდა. კონსტრუქციიდან ამ ფილების მოხსნას, რეაბილიტაციის პროექტის ავტორები 2016 წლიდან ითხოვდნენ.

ფილები, რომელიც ბეტონის თაღზე მშენებლობის დროს 1985 წელს დაამონტაჟეს, სავალალო მდგომარეობაშია და მას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, თუმცა, ფულის ეკონომიის მიზნით, საპროექტო კომპანიას მერიამ უარი უთხრა.

კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგა კვარაცხელია აცხადებს, რომ ახალი ჭერი, მშენებლებმა ძველ ანკერებზე დაამაგრეს. კვარაცხელიას მტკიცებით, ანკერები დღესაც ადგილზეა, ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ პრობლემა არა პროექტში, არამედ მის შესრულებაში იყო.

გოგა კვარაცხელიას მიერ შექმნილი პროექტი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მხოლოდ ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა დააყენა.

"ურბანული ლაბორატორიის" თავმჯდომარე,  გიორგი ბაბუნაშვილი თბილისის მერიას მოუწოდებს, რომ მეტროსადგურებში, სადაც დახურული სივრცეა, შეკიდული ჭერზე უარი თქვას.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო პროექტი, სატრანსპორტო კომპანიამ სამართალდამცველებს უკვე გადაუგზავნა. სავარაუდოდ, სპეციალისტები უკვე სწავლობენ იყო თუ არა პროექტირების დროს დაშვებული შეცდომები.

მეტროსადგურში ჭერი გუშინ ჩამოვარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები