16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
კომპანიის მფლობელი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მწვანე კონცხზე მიწა მიჰყიდა, საფრანგეთში დაკავებული იყო

მწვანე კონცხზე მდებარე 20 ჰექტარი მიწა საქართველოს მთავრობამ "ელიტ კონტრაქშენ გრუპს" აუქციონის გარეშე მიჰყიდა. კომპანიამ ერთ კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ზონაში 45 ლარი გადაიხადა, რაც კომერციული ფასის ნახევარია.

კომპანია, რომელსაც მწვანე კონცხის ნაწილი მიყიდეს, პრემიერის განკარგულებამდე ერთი თვით ადრეა დაფუძნებული და მის მფლობელებს არანაირი საინვესტიციო და ან ბიზნესპროექტი საქართველოში მანამდე არ განუხორციელებიათ.

აუქციონის გარეშე ტერიტორიის შესაძენი თანხა კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ბანკმა ასესხა და ტერიტორიაც იპოთეკით „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ არის დატვირთული.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, დაჩი ჩაგანავა საფრანგეთში ცხოვრობს.

"ელიტ კონტრაქშენ გრუპში“, რომელიც სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს, არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხეებიც მოიჭრება.

კომპანიის ოფისი არ აქვს და ის მფლობელის საცხოვრებელ ბინაშია რეგისტრირებული.

„კურიერის“ ინფორმაციით "ელიტ კონტრაქშენ გრუპის“ მფლობელი დავით ჩაგანავა, პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გამოცემული განკარგულებიდან ორ თვეში ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მაშინ ჩაგანავა იმ 26 ქართველს შორის იყო, ვისაც პოლიცია კანონიერი ქურდებისთვის ე.წ. ობშიაკის შეგროვებას ედავებოდა. ჩაგანავა დაკავების ფაქტს ადასტურებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები