14 ნოემბერი 2018,   01:20
ვრცლად
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს 

თეა წულუკიანი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. „კურიერს“ სანდო წყარო მმართველი პარტიიდან უყვება, რომ იუსტიციის მინისტრის კანდიდატურა გუნდის შიგნით აქტიურად განიხილება. წყარო „ქართული ოცნებიდან“ „კურიერთან“ ამბობს, რომ თეა წულუკიანის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ბიძინა ივანიშვილი ემხრობა.

„კურიერის“ მიერ დასმულ კითხვაზე, განიხილება თუ არა თეა წულუკიანი საპრეზიდენტო კანდიდატად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ გუნდის შიგნით მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.

არჩილ თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქალ კანდიდატებს თანაბარი შანსი აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი ალბათობა და შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში. პირველ რიგში, საზოგადოებასაც და ჩვენი პარტიის წევრებსაც აინტერესებთ ის ლიდერები, რომელთაც აქვთ საზოგადოების მაღალი ნდობა და რეიტინგი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია დაწყებულია. კანდიდატურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს და მხარს დაუჭერს, იქნება საუკეთესო, მათ შორის, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს ფორმატში  ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, მე პირადად, ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიმიღია. რაც შეეხება კანდიდატურებს, ვფიქრობ, რომ ქალ კანდიდატებსაც აქვთ თანაბარი შანსები, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და თეა წულუკიანს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენს, ისინი მზად არიან, რომ მას მხარი დაუჭირონ.

საპრეზიდენტო კანდიდატზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ იანვარში ალაპარაკდა, მაშინ კულუარებიდან გახდა ცნობილი, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა ორივემ ეს ფაქტი უარყო და განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

დღის ამბები