ტრაგიკული შემთხვევა გლდანში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილ ტყვიას 21 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
პირი, კი ვისი ხელიდანაც გასროლა განხორციელდა, არასრულწოვანია. "კურიერის" ინფორმაციით იარაღი, რომლითაც ორი არასრულწლოვანი თამაშობდა, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელს ეკუთვნის. ასევე "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველი სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის თანამშრომელია, ამ ინფორმაციას სუს-შიც ადასტურებენ, თუმცა "კურიერი" არ ასახელებს მამაკაცის ვინაობას, რადგან საქმე არასრულწლოვანებს ეხება.
უბედური შემთხვევის მსხვერპლი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
„ბავშვებმა იარაღი აიღეს, სახლში ჰქონია იარაღი და გაუვარდათ იარაღი და მოხვდა ამ გოგოს. როგორც სხვების ნათქვამი ვიცი, არ ვიცნობ ამ გოგოს, არ მინახია, მაგრამ მდგმურად იყოო. ალბათ იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. არ ვიცი ზუსტად სად მუშაობს უშიშროებაა, სუსია თუ რაღაცა. როგორ მოხვდა ბავშვებთან ვერ გეტყვით“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ერთ-ერთი მეზობლის ვერსიით, იარაღი ერთ-ერთ არასრულწლოვან ბიჭს ეჭირა, ხოლო მეორე არასრულწლოვანი მის გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც სასხლეტს ხელი გამოკრეს და ტყვია ახალგაზრდა გოგოს მოხვდა.
„ხმაური იყო, გავედი. იარაღი გავარდაო. ბავშვს ვკითხე, რა მოხდაო? ჩემს ძმას ეკავა იარაღი, ვართმევდი, გავისროლე არ ვიცოდი, რომ ტყვია იყოო. მამა კი ძალოვან უწყებაში მუშაობს.
მე ვიცი, რომ ის მუშაობს პოლიციაა თუ რაღაცა, ზუსტად უწყება გითხრათ ტყუილს ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში იარაღი აქვს. რომ მუშაობს უწყებაში ეს ვიცი, თორემ ფორმით არასდროს მინახავს,“-ამბობს მეზობელი.
საქმე აღძრულია 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. არ არის გამორიცხული, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება დაინტერესდება იმითაც, თუ რამდენად კანონიერად იყო შენახული ძალოვანი უწყების თანამშრომლის იარაღი საცხოვრებელ სახლში.