26 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
"ბაბუაჩემს არასდროს კონფლიქტი არ ჰქონია" - მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის შვილიშვილი

"ბაბუაჩემს არასდროს კონფლიქტი არ ჰქონია. ბაბუაჩემი ასეთი რაღაცებისგან შორს იყო,“- ეს განცხადება მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის შვილიშვილმა, თათია კახიძემ გააკეთა. მისი თქმით, პრობლემებისა და კონფლიქტის შესახებ ოჯახმა არ იცოდა.

მკვლელობის დეტალებს ოჯახის ახლობლები იხსენებენ. თავდამსხმელმა ნუგზარ კახიძის მისამართით 7-ჯერ გაისროლა, დაიჭრა მისი დამხმარე ქალიც. 

ნუგზარ კახიძეს მკვლელი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსთან ელოდებოდა, მას შემდეგ კი, რაც მსხვერპლი ბინიდან არ გამოვიდა, სახლში მიაკითხა.

„მისცა ზარი, დამხმარე ქალმა კარი გამოაღო, ბატონი ნუგზარიც, ალბათ, კართან იდგა და იმ წუთში სროლა დაუწყო. როგორც ვიცი, 4 ტყვია აქვს მორტყმული, ისე 7 ტყვიაა გასროლილი,“- განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ელდარ ხვისტანმა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ სახლში, გუშინ მოკლეს. მას სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები