პოლიციამ დღეს რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე რუსეთის აგრესიის შესახებ პოსტერებს აკრავდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ტურისტულად აქტიურ სეზონზე საინფორმაციო პროკლამაციების გაკვრა გადაწყვიტეს.
ახალგაზრდებმა, საინფორმაციო სტიკერებით დაიწყეს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. მაგრამ მათი სამოქალაქო აქტიურობა დასჯადი აღმოჩნდა. პოლიციამ ისინი დედაქალაქის იერსახის დამახინჯების მოტივით დაკითხვაზე გადაიყვანა.
ოპოზიციისათვის გაურკვეველია, რატომ აღიზიანებს ანტისაოკუპაციო პოსტერები ხელისუფლებას.
უმრავლესობის წევრები აკი აცხადებენ, რომ რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ისედაც ყველასთვის არის ცნობილი და ამიტომ მისი შეხსენება, თუნდაც პატარა სტიკერებით, საჭირო არ არის.
პოლიციამ დედაქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამოქალაქო აქტივისტების გამო უკვე დაიწყო. გახარიას უწყება სულ მალე მასალებს სასამართლოს გადაუგზავნის.