„ბიზნესმენები თავიათ ფინანსური პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე მოვლენებს.
ჩუგოშვილის თქმით, ბიზნესმენები გადასახადების გადახდის თავიდან აცილების მიზნით ტელევიზიასთან კავშირს „ბოროტად იყენებენ.“
„ძალიან არასწორი მიდგომა არის, როდესაც ბიზნესმენები თავიათ ფინანსური პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად და მგონი, ამასთან გვაქვს საქმე. თქვენს მფლობელებს, პარტნიორებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, მგონი ისევე უნდა მოიქცნენ, როგორც სხვა ბიზნესი იქცევა და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რაღაც მედია საშუალებასთან, მგონი ბოროტად გამოყენებას უფრო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი. გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. „იბერიას“ დამფინანსებელმა „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა, ზაზა ოქრუაშვილმა ხელისუფლებიდან ტელევიზიასთან მებრძოლ ჯგუფებს „ბანდა“ უწოდა.
ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას კომპანიის ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობას სთავაზობდნენ.