02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო - მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ოქუაშვილის ბრალდებებს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან განხორციელებულ რეკეტზე ისაუბრა, რომლის სათავეშიც ოქუაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი დგას.

ოქუაშვილმა სკანდალურ ინტერვიუში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც მისი განცხადებით,  ბიზნესზე ზეწოლას პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახორციელებდნენ. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მტკიცებულებები არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებებს უნდა წარუდგინოს. 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, ამ შემთხვევაში თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს და მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს,“ - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ოქუაშვილი ვითარების გამწვავებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ მიაქვს მასალები საგამოძიებო უწყებაში. პრემიერის თქმით, ბიზნესმენი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი.

„როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მე მიჩნდება და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილსაც უჩნდება დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც არ სურს, როგორც ჩანს ბატონ ოქუაშვილს, ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს  ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ  გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

დღის ამბები