02 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
ვაშა, ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის ბრჭყალებიდან ამოტოპა - "ბახალას" დედა

„ბახალას“ საქალაქო სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობას, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები პოზიტიურად აფასებენ. მათი თქმით, მოულოდნელი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მსახიობის მიმართ შავი პიარს იყენებდნენ.

გიორგი გიორგანაშვილის დედა, ნანა ჩხიკვიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს არ ველოდი და ვაშა, ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის რაღაც ბრჭყალებიდან ამოტოპა, ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა,“ - ამბობს ჩხიკვიშვილი.

გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე კი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილისგან ელის განცხადების გაკეთებას, რადგან „ბახალას“ ინტერესების დამცველის თქმით, დეპუტატმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.

„სასამართლომ დაადასტურა, რომ ყოველგვარი ნაჭორავები და ჭორაობა, რომელიც მიმდინარეობდა სხვათა შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ბახალასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა სიცრუე,“ - ამბობს ადვოკატი.

პროკურორი, ირინე ჩოჩია კი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ელის, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან „ბახალას“ მეგობრები. არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი, ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებები იყვნენ ბახალას „გაშავების“ საქმეში ჩართულები, მოსამართლის გადაწყვეტილება კი ამ ყველაფერს ააშკარავებს.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ დღეს ცნო. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი. ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ბახალა" პატიმრობაში მაინც რჩება, რადგან მას სხვა საქმეზე 8 წელი აქვს მისჯილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები