02 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
გორის კლინიკის 70 წლის ექთანი მოკლულია - თანამშრომლების თქმით, ბინიდან წაღებულია ფული

გორის კლინიკის 70 წლის ექთანი მოკლულია. „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილის თანამშრომლები ჩაწერა. მათი თქმით, ბინიდან, სადაც ლილი დათუკიშვილის ცხედარი იპოვეს, წაღებულია ფული.

სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ქურდობა იყო, თუმცა ვერსიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ, რომ 70 წლის ქალი მოკლულია, რომლის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

"კურიერის" ინფორმაციით, ლილი დათუკიშვილი ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად არის მოკლული. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა იგივე სადარბაზოში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ქურდობას უკავშირდებოდეს. 

გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, ის შემოსავლის სახით მიღებულ ფულს ინახავდა. ბინის კარი შვილს, რომელმაც დედის ცხედარი ნახა, ღია დახვდა.

ლილი დათუკიშვილი მარტო ცხოვრობდა და გორის სამშობიაროს სახლის ლაბორატორიაში მუშაობდა.  

„ვრეკავდი, არავინ გვიპასუხა სახლში დავრეკეთ, არავინ გვიპასუხა, არ მოვიდა. კიდევ რომ დავრეკე და არ გვიპასუხა, ვთქვი, რომ რაღაც საეჭვოა, რადგან არ არსებობს, არ მოვიდესმეთქი. მერე დავურეკეთ გოგოს და თქვა, რომ ახლავე ავალ სახლში და ვნახავო. ავიდა და დახვდა ის სურათი, რაც დახვდა. ყვიროდა ის გოგო, ორჯერ რომ დავაბრახუნეო, მეორე დაბრახუნებაზე კარი თვითონ შეიღოო. კარი იყო ღია. როგორ გაგიმეტეს დედაო, ტიროდა, ფულიც წაღებულიაო, ფულს აქეთ დავამატებდი, ოღონდაც ნუ მოგკლავდნენო,“- განუცხადა „კურიერს“ გარდაცვლილის თანამშრომელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები